15 გარდაცვლილი 9 დღეში | საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკი და ანამნეზი

პუბლიკა

21 სექტემბრიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა შესახებ. ბოლო 9 დღეში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

გუშინ, 28 სექტემბერს კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, დღეს კი – 2. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავებულია.

„თუმცა, რა თქმა უნდა, თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, ვინც დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

21 სექტემბერი – გარდაიცვალა 1 ადამიანი

60 წლის ქალი 20 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. 21 სექტემბერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ პაციენტს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი, ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

22 სექტემბერი – გარდაიცვალა 3 ადამიანი

გარდაცვლილთაგან ერთი 67 წლის კაცი იყო, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ექიმების თქმით, მას ჰქონდა ისეთ თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა – არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია.

მეორე გარდაცვლილი 77 წლის ქალი იყო, რომელიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“, ექიმების შეფასებით, „უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში“ გადაიყვანეს. მას ასევე ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა.

მესამე გარდაცვლილი პაციენტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი იყო. როგორც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე ამბობდა, 60 წლის პაციენტს გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდა, რომელმაც მათ კლინიკაში იჩინა თავი.

23 სექტემბერი – გარდაიცვალა 2 ადამიანი

70 წლის კაცი ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის თქმით, პაციენტს თანმხლევი დაავადებები აღენიშნებოდა, ამასთან, ხორხის კიბოზე ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა.

24 სექტემბერი – გარდაიცვალა 1 ადამიანი

ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში” გარდაიცვალა 76 წლის კაცი. „პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა“.

25 სექტემბერი – გარდაიცვალა 1 ადამიანი

ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი იყო 70 წლის. ის 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

26 სექტემბერი – გარდაიცვალა 1 ადამიანი

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.

28 სექტემბერი – გარდაიცვალა 4 ადამიანი

პირველი –  65 წლის მამაკაცი იყო, მკურნალობდა ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ის კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა.

მეორე პაციენტი იყო 70 წლის მამაკაცი, ისიც ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში” მკურნალობდა.

„პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მესამე გარდაცვლილი კი 57 წლის ქალია, რომელიც თბილისში მკურნალობდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეოთხე გარდაცლილი კი 55 წლის ქალია აჭარიდან, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა და ორმხრივი მწვავე პნევმონია.

29 სექტემბერი- გარდაიცვალა 2 ადამიანი

პირველი გარდაცვლილი55 წლის ქალია, რომელიც 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის კაცია. „პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.

Stopcov.ge-ის ბოლო მონაცემებით, საქართველიში კორონავირუსით სულ 34 ადამიანი გარდაიცვალა.