ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას ხელი მოაწერა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „თბილისი პრაიდმა“ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად.
ჰომოფობია არის ფართო საზოგადოებრივი გამოწვევა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსები იდგნენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სადარაჯოზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.
ხელმომწერი პარტიები: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; გირჩი; ევროპული საქართველო; გირჩი – მეტი თავისუფლება; რესპუბლიკური პარტია; კანონი და სამართალი; სტრატეგია აღმაშენებელი; ლელო; რეფორმერი; მოძრაობა “დროა”; სამართლიანობისთვის; ერთიანი საქართველო; თავისუფალი დემოკრატები; პროგრესი და თავისუფლება; გამარჯვებული საქართველო.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობისთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.