15 სექტემბერი | კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიმოხილვა

პუბლიკა

15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 562 გახდა.

დადასტურებული შემთხვევებიდან 124 აჭარაში დაფიქსირდა.

„124-დან ხუთი შემთხვევა კარანტინს უკავშირდება, ინფიცირებულთა უმრავლესობა კი არის გასულ დღეებში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში და მიმდინარეობდა მათი მიზნობრივი კვლევები. ინფიცირებულთაგან ათი არასრულწლოვანია, არის რამდენიმე ორსული, არის მედიკოსთა და პედაგოგთა ინფიცირების შემთხვევებიც“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

• თბილისი – 20;
• იმერეთი/ქუთაისი – 13;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი/ზუგდიდი – 6;
• გურია/ოზურგეთი – 3;
• მცხეთა-მთიანეთი/მცხეთა – 3;
• რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთი/ცაგერი – 1.

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციართა მდგომარეობის შესახებ

14 სექტემბერს აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.  აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის კოვიდინფიცირებული ბენეფიციარები ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მოათავსეს.

როგორც კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, ამ დროისთვის ექვსივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 120 მობინადრეს და 70 თანამშრომელს PCR-ტესტირება ჩაუტარდათ და აღებული ყველა ტესტის პასუხი 15 სექტემბრის დილის მონაცემებით უარყოფითია, ამის თაობაზე ბათუმის სათნოების სახლ „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას.

„გუშინ ტესტირება ჩაგვიტარდა ყველას და დღეს დილით მოვიდა პასუხი, რომ არც ერთ მობინადრეს და არც თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. გვაქვს მანამდე გამოვლენილი 5 შემთხვევა. განმეორებითი კვლევა ერთი კვირის შემდეგ უნდა ჩატარდეს. გუშინ მოსულები იყვნენ ეპიდემიოლოგები. მოგვცეს რეკომენდაციები და სწორედ ამით ვხელმძღვანელობთ“, – უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოზმა, იოანე ბარამიძემ.