15 თებერვლიდან მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება ყველასთვის სავალდებულო იქნება - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, 15 თებერვლიდან სრულად შევა ძალაში და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მიხედვით დაადგინოს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. მისი თქმით, თუკი სექტორი, რომელიმე  მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარმოადგენს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო აღნიშნულს განიხილავს.

მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.

„წამლის კანონში ძალიან მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომელიც ნებისმიერი საბითუმო თუ საცალო ქსელისთვის ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ რეგულირების სააგენტოს გამოუჩნდეს ნაშთები, მედიკამენტების ჩამონათვალი და ფასები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“,  – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება, პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების  მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.