15 წლის გოგოს მიმართ მუქარისა და ადევნებისთვის პირს ბრალი წარედგინა – შსს

პუბლიკა

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა მშობლის წერილი, რომელშიც ამბობდა, რომ მის არასრულწლოვან შვილს, 15 წლის გოგოს, კაცი ავიწროებდა, ემუქრებოდა და ცოლობაზე თანხმობას აიძულებდა. მამა წერდა, რომ მათ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის, თუმცა პირი ამ დრომდე თავისუფალია.

წერილის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პირის მიმართ გამოძიება დაწყებულია და მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით.

უწყებიდან „პუბლიკისთვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 7 ივნისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ. ნ-ს მიერ თ. ჭ.-ს მიმართ სავარაუდო მუქარის განხორციელების ფაქტზე.

„აღნიშნულის შემდეგ ინტენსიურად ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის საფუძველზეც, 2020 წლის 17 ივნისს, რ. ნ. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადევნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), “- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმაც. ომბუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე წერს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით დაიწყო არასრულწლოვანი თ.ჭ.-ს მიმართ მუქარის და ადევნების სავარაუდო შემთხვევის შესწავლა.

„მყისიერად დავუკავშირდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას. თვალს მივადევნებთ გამოძიების ეფექტიანად წარმართვის პროცესს, ასევე, შევისწავლით რამდენად ეფექტიანი იყო ამ დრომდე გატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულება განახორციელოს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დასაცავად,“  – წერს ეკა სხილაძე.