15 წლის შემდეგ ნამახვანჰესის კომპანიას არ ექნება ვალდებულება ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სახელმწიფოსა და ნამახვანჰესის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.

EMC-ის შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.

ორგანიზაციის თქმით, ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

„ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს  ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.

იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული”, – წერს EMC.

გთავაზობთ ორგანიზაციის შეფასების იმ ნაწილს, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფსა და მის გარანტირებულ შესყიდვას ეხება:

ხელშეკრულების მიხედვით: სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად  შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება.

ატომ არის პრობლემა: სინამდვილეში, ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგო-ბაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

ხელშეკრულების მიხედვით: გარანტირებული შესყიდვის შეთანხმება ვრცელდება წელიწადის 8 თვეზე (სექტემბერი – აპრილის პერიოდი) 15 წლის მანძილზე, 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, რომ 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის  გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

ატომ არის პრობლემა: 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი  საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე, გადამცემი ხაზების გაძლიერება საქართველოს ფინანსური ვალდებულებაა, ხოლო თუ სახელმწიფომ დროულად არ შეასრულა ეს ვალდებულება, კომპანიას კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს ქვეყნის ბიუჯეტიდან.

ხელშეკრულების სრული ანალიზი იხილეთ ბმულზე;