დღეს, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართა – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.
სოლიდარობის გამოსახატავად, მაუწყებლებმა 19:00 საათზე ეთერი ერთი წუთით გათიშეს და ეკრანებზე გამოჩნდა წარწერა „სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“. აქციის ორგანიზატორი მედიაკოალიციაა.
აქციაში მონაწილეთა არასრული სია ასეთია: ფორმულა, პალიტრა, მთავარი, TV პირველი, კავკასია, TV 25, ტოკ TV, გურია, მეცხრე ტალღა, აგროგარემო, მეცხრე არხი, მეგა ტვ, ოდიში ტვ, ბორჯომი ტვ, რიონი, მარნეული ტვ, თრიალეთი.
2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდე ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობენ და ამავე პერიოდში არაერთი კვალიფიციური კადრი გათავისუფლდა ტელევიზიიდან, რაც მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად შეაფასა არაერთმა ორგანიზაციამ. ტელევიზიის ჟურნალისტთა ნაწილი გეგმავდა გაფიცვას, თუმცა კორონავირუსთან დაკავშრებული გარემოებების გამო გაფიცვა არ შედგა.