150 კილომეტრზე შორს მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

პუბლიკა

შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა.

აკრძალვა 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა „ოცნების“ მთავრობის 31 დეკემბრის დადგენილებით, მისი ამოქმედება კვლავ გადავადდა.

„ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ ტექნიკურ რეგლამენტში 2024 წელს რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებებს შორის სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენება მხოლოდ M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა;

ამ რეგულაციის ამოქმედება 2025 წლის 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა 2025 წელს ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა 2026 წლისთვის გადავადდა.

2025 წლის 31 დეკემბერს „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თბილისი-ბათუმის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სხვა საქალაქთაშორისო ხაზებისთვის – 2027 წლის 1 დეკემბრიდან.