150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი, შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხეს, არის თუ არა საკმარისი 150-ლარიანი ფულადი დახმარება, რომელიც ყოველთვიურად უმუშევრებს გამოუყვეს.

„რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უფრო მეტსაც გეტყვით, 150 ლარი არ იქნება, იქნება უფრო მეტი და მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. შეუძლებელია, ვილაპარაკოთ ყოველთვიურ დახმარებებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი,” – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ეს იყო პირველადი გეგმა ერთჯერადი დახმარებისთვის, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი კრიზისი არ იყო.

„ციფრი აქტუალური არ ყოფილა, ამას ემატებოდა სხვა რაღაცები. ეს გაიპარა ის ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რეალურად მიზნობრივი სოციალური დახმარებები ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და შემოსავალი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები თვეში.

ეს იქნებოდა მთავრობის მხრიდან ჭორაობა, ისე, როგორც ზოგი პოლიტიკოსი ჭორაობს, გვესაუბრა კონკრეტულ ციფრებსა და პორტფელებზე მიზნობრივი დახმარაბის, სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები სავალუტო ფონდთან, არ გვექნებოდა დონორებთან შეთანხმებული მზა პორტფელი ფინანსური დახმარების და კიდევ ბევრი პარამეტრია საჭირო,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური, მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ. ეს იმ დასაქმებულებს შეეხებათ, რომლებიც საშემოსავლო გადასახადებს იხდიდნენ და ბიზნესის დახურვის გამო დაკარგეს სამსახურები. ასევე სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესები, რომლებიც თანამშრომლებს ინარჩუნებენ.