150 მილიონი ლარით დევნილებისთვის, დაახლოებით, 1 800 ბინას შევიძენთ – მთავრობა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი, დეველოპერული სექტორისთვის განკუთვნილ ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. პრეზენტაციას ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების, ასევე, დეველოპერული სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს მთავრობის გეგმით, დაეხმარებიან დეველოპერულ სექტორს, რომ ბინების გაყიდვების პრობლემა გადაჭრან, მეორე მხრივ კი, დააკმაყოფილებენ დევნილი მოსახლეობის აუცილებელ საჭიროებებს. ლილუაშვილის თქმით, გარდა იმ რესურსებისა, რაც უკვე გამოყოფილია დევნილებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით შეიმუშავეს 150-მილიონლარიანი ბიუჯეტის პროგრამა და ამის მიზანია, სახელმწიფომ წლის ბოლომდე დეველოპერებისგან ამ თანხით საცხოვრებელი ბინები შეიძინოს.

„დაახლოებით, 1 800 საცხოვრებელი ბინა და, შესაბამისად, 1 800 დამატებით დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახი.

1 800 დევნილი ოჯახი, საშუალოდ, სამი წლით ადრე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით, იმ გეგმასთან შედარებით,  რითაც დაგეგმილი გვქონდა ამ ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილება.

სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს გამჭვირვალედ, აუქციონის წესით. შევთავაზებთ დეველოპერულ სექტორს და მათ აქვთ შესაძლებლობა, ამ პროცესში მონაწილეობის, – განაცხადა ლილუაშვილმა.