ზელენსკიმ ელჩი კი არ გაიწვია, მოხსნა. მან ნახა, რომ ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხელისუფალმა - კახაძე

პუბლიკა

„ზელენსკიმ ელჩი კი არ გაიწვია – მოხსნა. რატომ იცი? იმ ელჩმა იცით როგორი განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ? ის ხომ აქ სამზარეულოშია, ხომ ყველაფერს ხედავს, მან ნახა, რომ ყველაფერი გააკეთა ქართველმა ხელისუფალმა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში – „ჩაი მაკა რაზმაძესთან ერთად“, განაცხადა.

„ჟურნალისტებმა დაუსვეს ყველანაირი პროვოკაციული შეკითხვა. ამ კაცმა თქვა სწორი ანალიზი – სადაც ქართველებმა თავისი თავი დაინახეს, ყველა პოტენციალი მოახმარეს უკრაინას, სიტყვა, საქმე, ჰუმანიტარული დახმარება, სისხლის დონაცია… მე ჩავედი ჩემს მეგობრებთან ერთად და არ ამიღეს, ასაკით ბებერი ხარო. 65 წელს ზემოთ არ გვაქვს უფლება, რომ ავიღოთო. იქ უამრავი პატარა გოგო ჩავიდა… ერთი გოგო ტიროდა, არ აუღეს სისხლი, უკრაინა აწუხებს…  რა იყო-მეთქი? სისხლი არ ამიღესო, რატომ არ აგიღეს მეთქი? წნევა მაქვს დაბალი და ჰემოგლობინი მაქვს დაბალიო. აქვე გავჩერდი, პაუზა… ქვეყანას, საქართველოს, რომელსაც წნევა დაბალი აქვს, ეკონომიკა დაბალი აქვს, 20% ოკუპირებული აქვს, შენ რას ეუბნები? სისხლი გამოიღე, მე მომეცი და მოკვდიო? ეს ხომ პოლიტიკური ლოგიკიდან გამოდის“,- განაცხადა კახაძემ.

კახაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას „გადაუარა“.

„როდესაც ის [ზელენსკი] გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალს ამწუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.