„158 მლნ ლარის უნებართვო სამშენებლო სამუშაოები“ - მთის კურორტების განვითარების კომპანიის აუდიტი

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურo შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის შედეგებს აქვეყნებს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

დარღვევებით წარმოებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები

კომპანიამ შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და მშენებლობის პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე. დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით.

კომპანიამ თავდაპირველი მშენებლობისა და შემდგომი რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვებისა და მშენებლობის წარმოების ეტაპების სავალდებულო საექსპერტო შეფასებების გარეშე, რითაც შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის (V კლასის) სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები.

ნებართვების გარეშე დაწყებული სამშენებლო სამუშაოები

კომპანიის მიერ განსახორციელებელი რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.).

კომპანიამ 2018-2019 წლებში 12 ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული 158,702,266 ლარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვების გარეშე. აღნიშნულის საფუძველს, კომპანიის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები. დასკვნა კომპანიის მიერ განსახორციელებელი რთული და სპეციფიკური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ასეთი სამუშაოების უნებართვოდ წარმოებამ, შესაძლებელია მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მიმართულებით (გარემოზე ზემოქმედება, მოსახლეობის უსაფრთხოება, არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანება და ა.შ.).

კომპანიის დირექტორის ხელფასის უსაფუძვლო ზრდა

არაუფლებამოსილი პირის მიერ შრომის ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებული ბრძანების გამოცემით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რის შედეგადაც 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კომპანიის ყოფილი დირექტორის ანაზღაურება უსაფუძვლოდ გაიზარდა ჯამში − 109,021 ლარის ოდენობით.

პრემიების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე

კომპანიაში პრემიები გაცემულია მოქმედი პრემირების წესისა და შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევით. კერძოდ, არ არის წარმოდგენილი პრემირების სათანადო დასაბუთებები. ამასთანავე, კომპანიის დირექტორების პრემირების ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირების მიერ, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე. შედეგად, პრემიები გაცემულია გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად.

დანამატების გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე

კომპანიაში დანამატები არ გაიცემა სათანადო დასაბუთების საფუძველზე, რაც შესაძლოა უსაფუძვლოდ ზრდიდეს კომპანიის ხარჯებს და ხელს უწყობდეს კომპანიის სახსრების გაუმჭვირვალე და არაეკონომიურ განკარგვას.

საგადასახადო შეღავათის არასწორად გავრცელება

საგადასახადო შეღავათი გავრცელებულია საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შეუსაბამოდ. 23,903 ლარი გაცემულია დაბეგვრის გარეშე. აღნიშნული თანხის საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას.

გაუმჭვირვალე ხარჯი

კომპანიამ ბაზრის კვლევის გარეშე მიმწოდებელთან გააფორმა 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია. შესაბამისად, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე. აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე ვერ შეძლო მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების ეკონომიურობასთან დაკავშირებით.

2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა.

მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების გარეშე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ხარჯებად აღიარება ეწინააღმდეგება კომპანიის შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებებს, ხარჯები გაუმჭვირვალეა და არ იძლევა მათი საჭიროებისა და მიზნობრიობის დადგენის შესაძლებლობას“, – აღნიშნავს აუდიტი.

აუდიტის მიგნებების სრულად სანახავად გადადით ბმულზე.