16-17 წლის 10 ათასზე ცოტა მეტი მოზარდია „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილი - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღესდღეობით 16-17 წლის 10 ათასზე ცოტა მეტი მოზარდია „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილი.

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს 12-15 წლის მოზარდების სამედიცინო ჩვენების გარეშე, მშობლების სურვილის შემთხვევაში აცრასთან დაკავშირებით.

„იმუნიზაციის საბჭოსთვის მომზადებულია სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის. ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ აცრა შესაძლებელი იყოს მშობლების სურვილით და თანხმობით, ყველა ბავშვისთვის.

დღეისთვის 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.