16 წლის გოგონას მოტაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე 3 პირი: 21,  29 და 25 წლის პირები დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ა.ა.-მ ცოლად შერთვის მიზნით, თანმხლებ პირებთან ერთად, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფელში მცხოვრებ არასრულწლოვან, 16 წლის გოგონას 2004 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს.“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რამდენიმედღიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი დაადგინა.

უწყების თქმით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.