არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გურჯაანის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, –ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 40 წლის ბრალდებულმა 16 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი ძალადობის მუქარით დაამყარა და არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა.
„40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ „ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს“.
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, საქართველოში ქალთა და არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასითის დანაშაულები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და სოფლებშია.
არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის #HRC კახეთის ოფისის იურისტი – ლია ხუროშვილი იცავს.