16 წლის მოზარდის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

16 წლის მოზარდის საქმეში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველი ავრცელებს. 

„ბრალდების მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, დასაბუთება და ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიება, ამ შემთხვევაში, პატიმრობა იქნა გამოყენებული.

რამდენიმე დღის განმავლობაში მყისიერად იქნა მოპოვებული არაერთი პირდაპირი მტკიცებულება. საქმეზზე გრძელდება საგამოძებო მოქმედებები. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლო პროცესზეც მსგავსი პოზიცია დააფიქსირა” – ამბობს ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საქმის პროკურორი.

პროკურორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტარდება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და ასევე, დანიშნულია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზაც.

რაც შეეხება თავად ბრალდებული პოლიციელის პოზიციას, ლუკა ხურცილავას ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლუკა ხურცილავა გულწრფელად აღიარებს, ინანიებს და გამომდინარე აქედან, დღეს ვთვლი, რომ დღეს სასამართლომ მიიღო სრულიად უსაფუძლო გადაწყვეტილება, რაც გამოხატული იქნა ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაში. გასაჩივრებასც რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ გავივლი კონსულტაციებს ოჯახთან, ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს და ამის შემდგომ გადავწყვიტავთ იქნება თუ არა გასაჩივრებული აღნიშნული გადაწვეტილება”  – ამბობს ლუკა ხურცილავას ადვოკატი.

შსს-ს თანამშრომლის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, ინფორმაცია თავდაპირველად, პროკურატურამ გაავრცელა, თუმცა  „შაბათის ეთერმა” სრული ვიდეო ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ  როგორ აყენებენ არასრულწლოვანს სიტყვიერ შეურაცხყოფას და როგორ ემუქრებიან მას მსჯავრდებული მამის გაუპატიურებით, „თითების დამტვრევით” და არ აძლევენ დედასთან დარეკვის უფლებას. დაახლოებით ერთ საათიან ვიდეო ჩანაწერში ასევე ჩანან გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-9 სამმართველოს სხვა თანამშრომლებიც. 

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი 10 თებერვალს ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, ის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. უწყების ინფორმაციით, ლუკა ხურცილავამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.