მივმართავ რუს ხალხს: თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ - ბაიდენი

პუბლიკა

ჯო ბაიდენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების შესახებ ამერიკელ ხალხს მიმართა. ბაიდენის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ისევ რეალურია, აშშ კი მოკავშირეებთან ერთად ემზადება ყველა სცენარისთვის და რუსეთს სათანადო პასუხს გასცემს.

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა რუს ხალხსაც მიმართა და პასუხი გასცა რუსეთის ბრალდებებს, რომ დასავლეთის ქვეყნები მათ უსაფრთხოებას ემუქრებიან.

„მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ჩვენ რას არ ვაკეთებთ: შეერთებული შტატები და NATO არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს. უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-სა და არც NATO-ს არ განუთავსებია რაკეტები უკრაინაში, არ განგვითავსებია და არც ვაპირებთ.

ჩვენ არ ვიღებთ მიზანში რუს ხალხს. ჩვენ არ გვსურს რუსეთში დესტაბილიზაცია. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ ჩვენი მტრები არ ხართ. მე არ მჯერა, რომ თქვენ გსურთ სისხლიანი, დამანგრეველი ომი უკრაინასთან“, – განაცხადა ბაიდენმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა მეორე მსოფლიო ომიც და აღნიშნა, რომ მაშინ შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი მხარდამხარ იბრძოდნენ, ომში, რომელში ჩართვაც საჭირო იყო. თუმცა, ბაიდენის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა არაა საჭიროებით განპირობებული და ეს თუ მოხდა, მხოლოდ რუსეთის სურვილი და პასუხისმგებლობა იქნება.

„თუკი რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ეს იქნება „არჩევანის ომი“, ომი მიზეზის გარეშე. მე არ ვამბობ ამას იმიტომ, რომ ვინმეს პროვოცირება მოვახდინო, ვამბობ იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. სიმართლე კი მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ომის წამოწყებით რუსეთი თავის თავს დააზიანებს.

„თუკი რუსეთი შეიჭრება მომდევნო დღეები ან კვირების განმავლობაში, ეს გამოიწვევს უზარმაზარ მსხვერპლს უკრაინელ ხალხში, ასევე უზარმაზარ სტრატეგიულ ფასს რუსეთისთვის. თუკი რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მას მოუწევს გაუმკლავდეს აბსოლუტურ გმობას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია უაზრო სიკვდილი და განადგურება.

უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, როგორ მიიყენებს რუსეთი თვითდაზიანებას. შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მას გადამწყვეტად უპასუხებენ. დასავლეთი გაერთიანებული და ძლიერია. დღეს, ჩვენი NATO-ელი მოკავშირეები არიან იმაზე მეტად ერთიანი და მტკიცე, ვიდრე ოდესმე ყოფილან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.