„ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის“ - კულუმბეგოვი ღამის კლუბების გახსნაზე

პუბლიკა

„ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება“, – ასე უპასუხა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტის შეკითხვას – რამდენად არის შანსი, ღამის კლუბებს მიეცეთ მუშაობისა და ღონისძიების გამართვის საშუალება.

ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ კლუბების გახსნა იქნება ძალიან საზიანო ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპის წარმატებული ვაქცინაციისა და პანდემიის მართვის ქვეყნებმაც კი უკან შემოაბრუნეს ამ ტიპის შეზღუდვები. ამიტომ სრულიად ალოგიკური იქნება ახლა ქვეყანამ ომიკრონის ცუნამის და ქარიშხლის წინ მისცეს ქვეყანას ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის შემცველი ღონისძიების ყოველკვირეულად გამართვის შესაძლებლობა.

ეს იქნება ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის ეკონომიკური რისკები ძალიან მაღალია ბიზნესის დაზიანების კუთხით, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იფიქროს ძალიან სერიოზულ კომპენსაციაზე, რომ საერთოდ არ გაუჩნდეთ სურვილი ეს დაწესებულებები გაიხსნას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


„კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანება“ აცხადებს, რომ თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას.

„თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება მოგვიწია“, – აღნიშნულია განცხადებაში.