ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, დღეს, 16:30-ზე შსს-თან ჟურნალისტების აქცია გაიმართება.
„2020 წლის, 8 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე აქციაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული ზომების შედეგად, დაშავდა მედიის ათამდე წარმომადგენელი, დაზიანდა მათი კუთვნილი ტექნიკაც.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე შესაძლებელი იყო ჟურნალისტების იდენტიფიცირება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქციის მიმდინარეობისას გაავრცელებს მიმართვას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით“, – ნათქვამია აქციის ანონსში.
გუშინ პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოთან გადაინაცვლეს. ცესკოთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.
შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.