17 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ეწვევა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, კარენ დონფრიდი, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.

დონფრიდი თბილისს 17 ივნისს ეწვევა და სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

ამის გარდა, ბლინკენის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ხელისუფლების სხვა წევრებთან, ასევე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრებზე განიხილავენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს გააღრმავოს საქართველოსამი მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების გზაზე და კანონის უზენაესობის საკითხებში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და წარმატებული მომავლის მშენებლობაში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოში ჩამოსვლამდე დონფრიდი ორდღიანი ვიზიტით ბაქოს ეწვევა, თბილისიდან კი ის ერევანში გაემგზავრება.