17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

„საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ღონისძიების გასამართი ადგილი უცვლელი დარჩა“, – წერს შსს.

უწყების განცხადებით, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მათივე მტკიცებით, ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.