17 მაისს საპატრიარქო მსვლელობას გამართავს 

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო გეგმავს, 17 მაისს, რომელიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, მეათედ აღნიშნოს „ოჯახის სიწმინდის დღე”.

საპატრიარქოს ცნობით, ჩატარდება პარაკლისი და მსვლელობა.

12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა ძალადობრივად დაარბიეს ლგბტქ აქტივისტების მცირერიცხოვანი და მშვიდობიანი აქცია.

ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

10 წლის შემდეგაც ლგბტქ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით თავისუფლად ისარგებლონ.