17 მაისს სასულიერო პირები ავტოკოლონით შემოივლიან თბილისის ქუჩებს - საპატრიარქო

პუბლიკა

ხვალ, 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათი თქმით, მსვლელობა 13:00 საათზე დაიწყება.

„ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა. ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. ავტოკოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

პირველად ეს დღე 2003 წელს აღნიშნეს, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. 2006 წლიდან ის საერთაშორისო დღედ იქცა.

2013 წლის 17 მაისს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, „იდენტობამ“, „ქალთა ფონდმა საქართველოში” და „ლგბტ საქართველომ” დაგეგმეს მდუმარე აქცია, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ჰომოფობიის პრობლემის მიმართ საქართველოში.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, აქცია დაარბიეს პარალელური აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, რომელთა მიზანი არა აქციის ხელშეშლა, არამედ მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. ერთი მხრივ, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელდა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობა.

2014 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.