17 ოქტომბრიდან მერიასთან კალაძის გადადგომის მოთხოვნით აქციებს გავმართავთ - აქტივისტები

პუბლიკა

დღეს, 14 ოქტომბერს თბილისის მერიის წინ, აქტივისტების საორგანიზაციო ჯგუფი შეიკრიბა. მათი განცხადებით, 17 ოქტომბერს, დილის 9 საათიდან თბილისის მერიის მთავარ შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება „კახა კალაძის გადადგომა და ყველა იმ ადამიანის პასუხისგებაში მიცემა, ვინც რაიმე სახით მიიღო ამ საშინელებაში მონაწილეობა“.

„დღეს აქ გამოვედით იმისთვის, რომ დავაანონსოთ: ორშაბათს, დილის 9 საათიდან ვიქნებით აქ, მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა გავაპროტესტოთ ეს უმსგავსობა, რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერიის თანამშრომლებს, რომ აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ. არ შეიძლება ვიღაც მანიპულირებდეს, რომ მშობლის ბრალია ბავშვი თუ ჩავიდა და შადრევანში დენმა დაარტყა“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მისივე თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.


13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.