„პირველი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარა და შევიწროება რეალურ საფრთხეს შეიცავს – კოალიცია

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეს შეიცავს.

„2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, რომელზეც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით მის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა „ალტ-ინფოს“ სახიფათო იდეოლოგია სახელდება.

ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეს შეიცავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებებისა და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.