რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

პუბლიკა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ჩამოშლილია 3-სართულიანი ბინის კუთხის მონაკვეთი. მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი მცხოვრები, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ნანგრევებში არავინ არ არის მოყოლილი, თუმცა დამატებით მიმდინარეობს გადამოწმება.

ადგილზე ამ დროისთვის 60 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. უსაფრთხოების მიზნით მოხდა კორპუსის სრულად დაცლა“ , – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, კორპუსიდან 9 ოჯახი, 26 ადამიანი გადაყვანილია მუნიციპალიტეტის მხრიდან სასტუმროებში, დანარჩენი ოჯახები ახლობლებთან გადავიდნენ.

ადგილობრივი მედიის, „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სახლს გამაგრების სამუშაოები უტარდებოდა.