18 იანვრიდან დღემდე, სააკაშვილის გარდა, N12-დან N18 პენიტენციურში სხვა პატიმარი არ შეუყვანიათ - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გლდანის N18 დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არცერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ.

„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს. 

„N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.


გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 საპატიმროდან გადაიყვანეს. ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ამბობდნენ, სად გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ წერილში ნათქვამი იყო, რომ როგორც არ უნდა დამძიმებულიყო მისი მდგომარეობა, უარს აცხადებდა გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე.

მიხეილს სააკაშვილთან გლდანის ციხის კლინიკაში იმყოფებოდა ომბუდსმენის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია. მათი განცხადებით, როგორც მიხეილ სააკაშვილმა თქვა, ძალის გამოყენებით შეიყვანეს გლდანის ციხის კლინიკაში. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოენახულებინათ.

პარალელურად აქცია მიმდინარეობდა მთავრობის კანცელარიასთან. მოქალაქეები შეიკრიბნენ გლდანის ციხესთანაც. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც წერს, რომ გლდანის კლინიკაში ის მოტყუებით გადაიყვანეს. „მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.