18 მაისს ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

პუბლიკა

18 მაისს ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. მისი მონაწილეები მსვლელობას გამართავენ პარლემენტის შენობამდე.

ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.

დამატებით დეტალები ხვალ დაზუსტდება.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს– მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვრამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-სთვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.