18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლება - მერიის გეგმები 2023 წელს

პუბლიკა

18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, უსახლკაროების პროგრამა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, ვაუჩერი სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, მედიკამენტების შესაძენად – თბილისის მერის ინფორმაციით, 2023 წელს მერია აღნიშნული პროგრამების განხორციელებას გეგმავს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტსა და მის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა, მოსახლეობას შევახსენო თბილისში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები, თუმცა, დავიწყებ იმით, რომ წლევანდელი ბიუჯეტი დამტკიცდა 1 მილიარდ 632 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა, გარდამავალი ნაშთი, რომელიც მათ შორის, გადაჭარბებული შემოსავლებისგან შედგება, დაემატება ამ ბიუჯეტს და ჯამურად 1 მილიარდ 760 მლნ ლარს მიაღწევს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, გასულ წელს ბიუჯეტი შესრულდა 94 პროცენტით, ხოლო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შესრულებულია 35 მლნ ლარის გადაჭარბებით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. გვაქვს ორი მიმართულება: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჩვენს ბიუჯეტში და  ინფრასტრუქტურული მიმართულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებს შორისაა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. მერის განცხადებით, ეს იქნება რამდენიმეწლიანი შესყიდვა, რომელიც წელს დაიწყება. წელსვე დაიწყება ახალი ავტობაზის მშენებლობა, აღნიშნული ავტობუსების მომსახურების უზრუნველსაყოფად.

„წლევანდელი ბიუჯეტის ფარგლებში, გაგრძელდება უსახლკაროების პროგრამა. როგორც იცით, თბილისში დარეგისტრირებული გვყავს 400-მდე უსახლკარო ოჯახი. გასულ წელს 60 ოჯახი დაკმაყოფილდა მუნიციპალური საცხოვრებლით. აღნიშნული პროგრამა წელსაც გაგრძელდება, 80-მდე ოჯახი იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი ოჯახი არ იყოს დედაქალაქში უსახლკაროდ. ასევე, გაგრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით, 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებაზე მიმდინარეობს საქმის წარმოება. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული.

პირველი საპილოტე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და წელს გვექნება შესაძლებლობა, მეტი ასეთი პროექტის განხორციელების. მთავარია, რომ დაიდო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ავარიული სახლების ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე არქიტექტურით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შეუფერხებლად გაგრძელდება სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტების ვაუჩერის პროგრამა.