სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ საბჭო უცხადებს ნდობას მინდიაშვილს და აფასებს მის მოღვაწეობას.
„გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბჭოში გაერთიანებულია განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიები. ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბატონ ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით.
რაც ეხება მის[მინდიაშვილი გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, ჩვეულებრივი, თანამდევი და, ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პროცესია შიგა კონფესიური თუ ზოგადად რელიგიური სამყაროსათვის. ამდენად დაუშვებლად მიგვაჩნია ცენზურა თუ შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა შეაფერხოს დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი, შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 18 რელიგიური ორგანიზაცია:
1. სახარების რწმენის ეკლესია;
2. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
3. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;
4. ხსნის არმია;
5. ქართველ მუსლიმთა კავშირი;
6.სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;
7. ევანგელური ეკლესია “სიცოცხლის სიტყვა”
8. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
9. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
11. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
12. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
13. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
14. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
15. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
17. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
18. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის შესახებ თქვა, რომ ის ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის. რომ ასევე მისი ცენტრი ფინანსდება USAID-ის მიერ და ეს პრობლემას წარმოადგენს.