„რატის ბარში” 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგლემიანთან ერთად ბრალდებულ რაჯი პაკელიანსაც. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
მკვლელობა „რატის ბარში“ 2025 წლის 11 მაისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად შაკიაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება რაჯი პაკელიანს, პროკურატურის განცხადებით, ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის).
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშუალის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული).