18 წლის შშმ ბიჭის დედა და იურისტი მის თურქეთის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

პუბლიკა

18 წლის შშმ ბიჭის დედა, მაია ბარათაშვილი „ქართული ოცნების” მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვა. ის ბიჭის თურქეთში გადაყვანაში დახმარებას სწორედ მას სთხოვს.

„შვილი მყავს დატოვებული რეანიმაციაში. სრულიად უმიზეზოდ, სასიკვდილო რომ არაფერი სჭირდა, მოვხვდით კლინიკაში, სადაც დრეს სიცოცხლისთვის იბრძვის. ამის თქმისაც მეშინია, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ თითქმის დასრულებულია ყველაფერი.

მივმართავ პრემიერ-მინისტრს, თვითონაც ჰყავს შვილები და ალბათ იცის გრძნობა, რა არის შვილი. ძალიან გთხოვთ, ან მოხვიდეთ და გვნახოთ, დაგველაპარაკოთ, ან ბავშვი გადაგვაყვანინოთ თურქეთში, კლინიკაში, სადაც შვილს გადამირჩენენ“. – თქვა მაია ბარათაშვილმა „ტვ პირველთან”.

მანამდე მაია ბარათაშვილმა შშმ პირის მშობელთან და აქტივისტთან, თამარ იარაჯულთან ერთად დახმარება სთხოვა „ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს.

მაია ბარათაშვილმა თქვა, რომ 21-22 აგვისტოს ღამეს მისი 18 წლის შშმ შვილი  თბილისის სამმა კლინიკამ არ მიიღო – მიიღეს მხოლოდ მეოთხე კლინიკაში – „ჯეოჰოსპიტალსში” რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ. კლინიკაში შეყვანის შემდეგ ის გარკვეული დროის განმავლობაში იწვა იატაკზე. იმავე დროს კი კლინიკაში არ შეუშვეს მაია – მშობელმა ღამე გარეთ გაათენა.

ბიჭი ახლა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ადამიაის უფლებების იურისტი ანა არგანაშვილი, რომელიც გიორგის უფლებებს იცავს, „ტვ პირველთან” ამბობს, რომ მათ ამ დრომდე ვერ დაინახეს ადეკვატური რეაგირება ვერც ჯანდაცვის უწყების და ვერც კლინიკის მხრიდან.

არგანაშვილის თქმით, გიორგის დედამ, მაია ბარათაშვილმა კლინიკას წერილობითი განცხადებით მიმართა, მისთვის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საათში ერთხელ მიწეოდებინათ, თუმცა, „ჯეოჰოსპიტალსი” ამას არ აკეთებს.

„ამიტომ, როცა კლინიკა ამბობს, რომ ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება ამ ბიჭისთვის – ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი ხელში არ გვიჭირავს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, რომ არ ტარდება ადეკვატური სამედიცინო ჩარევა. ეჭვზე მეტიც, იმიტომ, რომ ვხედავთ სიტუაციის გაუარესებას და არ გვაძლევენ იმ დოკუმენტაციას, რითიც დადასტურდებოდა, რომ ყველაფერი კეთდება”. – ამბობს არგანაშვილი „ტვ პირველთან” და დასძენს, რომ აქედან გამომდინარე, გიორგის თურქეთში გადაყვანა აუცილებელია.

მისივე თქმით, ამას კლინიკის თანხმობა სჭირდება, თუმცა, „ჯეოჰოსპიტალსის” მხრიდან ისინი ინფორმაციულ ვაკუუმში არიან.

„როცა ზეპირად, მათი სურვილით ხდება ინფორმირება, საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება ზუსტი მაჩვენებლები საათში ერთხელ. ის დოკუმენტაცია, რაც ამ დროისთვის გადმოგვცეს, ნახევარი ხელმოუწერელია, ნახევარში არანაირი ინფორმაცია არ არის.

რახან გიორგი შშმ პირია, ჯერ უარი უთხრეს სამედიცინო დახმარების გაწევაზე – ასეთი უარი კანონის ძალიან სერიოზული დარღვევაა. შემდეგ კი ვხედავთ იმას, რომ მიყვანის დროსაც მოხდა უფლებების დარღვევა და ეს გრძელდება.

ინფორმაციული ვაკუუმიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ დარღვევები ახლაც გრძელდება. ამიტომ ითხოვს დედა სასწრაფოდ იმ შესაძლებლობის მიცემას, რომ ბავშვმა გაიაროს ნამდვილად ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა იქნება ეს თურქეთის თუ სხვა შესაბამის კლინიკაში”. – ამბობს ანა არგანაშვილი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კლინიკების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, რაც შშმ პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარში გამოიხატა და ამას საგანგაშოდ მიიჩნევს.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ თუ ადამიანი ვერ საუბრობს, ექიმს „ათჯერ მეტად მოეთხოვება, შეისწავლოს, რამე ხომ არ უჭირს”.

„საერთაშორისო პრაქტიკაში დადგენილია, რომ შშმ პპირს ყოველმიზეზგარეშე უნდა გაეწიოს მომსახურება.

ამ დრომდე ჩვენ გვჯეროდა და გვჯერა, რომ კონსტიტუცია იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. გამოდის, რომ მათ შეუძლიათ, უარი უთხრან ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაზე. და ის, რომ სიცოცხლის გადარჩენას ეხება საქმე, დადასტურდა მეორე დღეს, როცა იმდენად დამძიმდა მისი მდგომარეობა, რომ თვითონ კლინიკას ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია.

ანუ მთელი ის დრო, როცა მას მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ იმ მიზეზით, რომ არაფერი არ სჭირდა, აღმოჩნდა, რომ მუდმივად სიკვდილ-სიცოცხლის რისკთან გვქონდა საქმე.

ყველა კლინიკას აქვს დარღვეული სიცოცხლის უფლება და ეს დარღვევა არის ძალიან სერიოზული.

ე.ი ამ ქვეყანაში შერჩევითად გვპასუხობენ, როცა ჩვენს სიცოცხლეს ეხება საქმე. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი ყველა მოქალაქისთვის”. – ამბობს ანა არგანაშვილი.

იურისტი გიორგის დედაზე, მაია ბარათშვილზე დაყრდნობით ყვება, რომ კლინიკები მას არც კი უსმენდნენ, შესაბამისად, არც გიორგის წინაშე არსებული საფრთხეების გამოკვლევა და იმის შესწავლა ხდებოდა, გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა თუ არა მისი ჯანმრთელობა.

„ბოლო შემთხვევაში, როცა ჯეო ჰოსპიტალსში მოიყვანეს, ექიმების მხრიდან პირდაპირ იყო მითითება, რომ მისი ადგილი იყო ფსიქიატრიულში და ამტკიცებდნენ, რომ გიორგის იმდენად არაფერი არ სჭირდა, რომ ფსიქიატრიულში უნდა გადაეყვანათ. ეს გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ დაიწყო კრიზისი. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ხდებოდა მისი საფრთხის უგულებელყოფა, იგნორირება, ვერდანახვა ან არდანახვა.

ხვალ სასწრაფოს რომ გამოიძახებთ, არ მოვლენ, იმიტომ, რომ ვიღაც ჩათვლის, რომ არ უნდა გაგიწიონ დახმარება. ამიტომ არის ეს ძალიან საგანგაშო. 

ახლა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს მობილიზება, გამოასწოროს, რაც მოხდა აქამდე და გიორგის გაუწიოს ეფექტიანი დახმარება”. – თქვა ანა არგანაშვილმა „ტვ პირველთან”.

22 აგვისტოს „ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში განაცხადეს, რომ შემთხვევის მოკლვევას დაიწყებენ.

დღეს „ქართული ოცნების” ჯანდაცვის სამინისტროს 18 წლის გიორგის შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია.