18 წლის შშმ ბიჭს საქართველოში უმკურნალებენ — სარჯველაძე კლინიკაში იმყოფებოდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „ჯეოჰოსპიტალსში” იმყოფებოდა, სადაც 18 წლის შშმ ბიჭი, გიორგი დავითური რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„ოცნების” ხელისუფლებისგან ყურადღება გიორგის დედამ, მაია ბარათაშვილმა და თავადაც შშმ პირის მშობელმა და აქტივისტმა, თამარ იარაჯულმა დილიდან მოითხოვეს.

მას შემდეგ, რაც სარჯველაძემ კლინიკა დატოვა, თამარ იარაჯულმა „ტვ პირველის” ეთერში თქვა:

„ამ ეტაპზე მინისტრის თხოვნა იყო, რომ გვეზრუნა პაციენტის სიცოცხლეზე და განხილვა არ ყოფილიყო დარღვევბთან დაკავშირებით და შევთანხმდით ამაზე, იმიტომ, რომ ჩვენთვისაც მთავარია ამ ადამიანის სიცოცხლე.  

დეტალურად განვიხილეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, საქმის კურსში იყო თავადაც. კითხვები დასვა, როგორ შეეძლო დაგვხმარებოდა და გადაწყდა, რომ საქართველოში რამდენიმე წამყვანი ექიმი ჩაერთვება გიორგის მკურნალობაში. თურქეთზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ამ ეტაპზე სარისკოა თურქეთში გადაყვანა, თორემ ფინანსებზე არ არის საუბარიო.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ჩართულობა. არ ვიცი, რა იქნება. ახლა ერთადერთი, გვაქვს ქართველი ექიმების იმედი, რომ რაღაცნაირად შეძლებენ, გიორგი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ აქამდე მივედით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, ვთქვით, რომ ამ საკითხს აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ”.

მისივე თქმით, სარჯველაძესთან შეთანხმების შემდეგ შიმშილობას აღარ გააგრძელებს.

18 წლის შშმ ბიჭის, გიორგის დედამ, მაია ბარათაშვილმა თქვა, რომ 21-22 აგვისტოს ღამეს მისი შვილი თბილისის სამმა კლინიკამ არ მიიღო – მიიღეს მხოლოდ მეოთხე კლინიკაში – „ჯეოჰოსპიტალსში” რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ.

კლინიკაში შეყვანის შემდეგ ის გარკვეული დროის განმავლობაში იწვა იატაკზე. იმავე დროს კი კლინიკაში არ შეუშვეს მაია – მშობელმა ღამე გარეთ გაათენა.

ბიჭი ახლა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.