18 წლის ზემოთ მოქალაქეები „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ - მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის  მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ.

„ძირითადი თემა იყო „სინოფარმი“. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ უსაფრთხოა. შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გამოცდილებას“, – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ შემდეგი კვირიდან გაფართოვდება ქსელი, სადაც მოხდება მოქალაქეების ვაქცინაცია. კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება, სადაც გადამზადებული არის ჯგუფები, რომლებიც ჩაატარებენ ვაცინაციას. მისივე თქმით, საერთო ჯამში ამ ეტაპისთვის საქართველოში გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაცინაციის პროცესი გაიმართება.

მინისტრი ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. მისი თქმით, ამისთვის ჯერ კიდევ გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.