„1802, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომელიც საქართველოს მუდამ ემახსოვრება“,- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით twitter-ზე წერს.
მისი თქმით, ეს თარიღები აჩვენებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას.
„1802, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომელიც საქართველოს მუდამ ემახსოვრება. ისინი ნათლად აჩვენებენ რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთანაა“, – წერს პრეზიდენტი.
დღეს 14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო.
სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთს დარღვევა 6 მუხლში – სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებაში დაადგინა. ასევე დაადგინა გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევაც.