19 აპრილისთვის საქართველოში 6747 ადამიანი დაბრუნდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 19 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 8410 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 6747 მოქალაქე.

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში გუშინ შესრულდა თელ-ავივი-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 151 მოქალაქე. ამავე რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდა წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება იერუსალიმიდან საქართველოში. საერთო ჯამში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, 19 აპრილისთვის საქართველოში 6747 ადამიანი დაბრუნდა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე.

“აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.