19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება - თსუ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, თსუ-ში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმატით გაგრძელდება.

„თეორიული კურსები განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები კი ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.

პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია სტუდენტებს ეცნობებათ დამატებით…

გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მთავარი გარემოებაა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დიდი საჯარო დაწესებულება, სადაც 22 ათასი სტუდენტი სწავლობს და 5000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე სემესტრში იკითხება 2813 სასწავლო კურსი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


როგორც 15 ოქტომბერს მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში სწავლას 19 ოქტომბერს განაახლებენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, უნივერსიტეტებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ, სადაც შესაძლებელია, იქ იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.