19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოთი გაათავისუფლეს

პუბლიკა

ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული – განზრახ მკვლელობის ჩადენას გამოძიება მოკლულის მეგობარს ა. ბ.-ს ედავება, რომელსაც დღემდე ეძებენ.

„დანარჩენი 5 ბრალდებული კი, წინასწარ პატიმრობაშია. დაკავებულებს გამოძიება, სასულიერო პირის მსგავსად, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთ ბრალდებულს კი, დანაშაულის დაფარვას ედავება. ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება, სასულიერო პირისგან განსხვავებით.

გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს, ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს – სასულიერო პირს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გირაო შეუფარდა. ის 15 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდებული სასულიერო პირი გელა ბაჟუნაიშვილი მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის – ა.ბ.-ს ბიძაა. სასულიერო პირს თავის ძმასთან ერთად წარუდგინეს ბრალი: ერთი ძმა პატიმრობაშია, ბრალდებული სასულიერო პირი კი, სასამართლომ გარეთ დატოვა”, ნათქვამია „ბათუმელების“ მიერ მომზადებულ მასალაში.

გამოძიების ვერსიით, 2023 წლის 18 მაისს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში 19 წლის გიორგი ალხანიშვილს ურთიერთშელაპარაკების დროს დანით 18 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მისი ცხედარი დამარხეს.