197 ადამიანი გავიდა თვითიზოლაციიდან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან – გამყრელიძე

პუბლიკა

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საქართველოსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოში ბოლო მონაცემებით, 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამათგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა  2-კვირიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით. 39 პაციენტი საქართველოს სხვადასხვა საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის, ყველაზე მეტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

დღევანდელი მონაცემებით, 39 პაციენტიდან 12 აქვს პნევმონია. 3 პაციენტის მდგომარეობა ექიმების შეფასებით საყურადღებოა, ორი მათგანი ხანდაზმულია.

დღემდე ჩატარდა 238 კონტაქტის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

დღესდღეობით კარანტინში  იმყოფება 1344 ადამიანი, თვითიზოლაციაში – 1446.

ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს უკვე 197 გავიდა თვითიზოლაციიდან, მათთვის დაკვირვების ორკვირიანი ვადა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჯანმრთელები არიან.

40 ინფიცირებულიდან 2-ს აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის, 1-ს – ესპანეთში, 3 დაკავშირებულია საფრანგეთთან, დანარჩენები უკავშირდება იტალიას.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, გამყრელიძის ინფორმაციით, საზღვარგარეთ საავადმყოფოებში კორონავირუსის დაავადებით 20-მდე საქართველოს მოქალაქეა მოთავსებული.

მისივე ინფორმაციით, ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება გლობალურად ეპიდსიტუაციას, გამყრელიძის თქმით, ჯერჯერობით, სიტუაცია უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია დაახლოებით 220 000 შემთხვევა 176 ქვეყანაში, ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში, სერიოზული პოზიტიური ძვრაა სამხრეთ კორეაში, დანარჩენ მსოფლიოში კი მდგომარეობა უარესდება. ჩინეთის შმდეგომ ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება იტალიაში, ირანში, ესპანეთსა და გერმანიაში.