1989 წელს საწარმოო ტრავმით დაზარალებულისთვის კომპანიას გაზრდილი ოდენობით სარჩოს გადახდა დაეკისრა - საია

პუბლიკა

საწარმოო ტრავმის გამო დაზარალებული სარჩოს მიიღებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საია-ს ქუთაისის ფილიალი იცავდა ელექტრომონიტორს, რომელმაც 1989 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა და დაენიშნა შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურება. თუმცა, მათი თქმით, წლების განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების გადაანგარიშება არ ხდებოდა ელექტრომონიტორის პოზიციაზე ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად და ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს შეადგენდა.

როგორც ორგანიზაცია წერს, საია-ს დახმარებით, მან სასამართლოს მიმართა და მოითხოვა როგორც მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, ასევე, ყოველთვიური სარჩოს შესაბამისი გადაანგარიშება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ დაზარალებულის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს – 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მისთვის ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით სარჩოს –  550 ლარის გადახდა.  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში”, – წერს საია.