დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში აჭარაში მყოფი მასწავლებლებიდან მხოლოდ 47%-მა ჩაიტარა ტესტირება.
ამირან გამყრელიძემ იმ მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, მოუწოდა, ტესტირებისთვის მიმართონ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.
„ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი მოეშვნენ. დაახლოებით 2200 მასწავლებელია საქართველოს ყველა რეგიონიდან, რომლებიც ზაფხულში, აგვისტოში იმყოფებდნენ აჭარაში. ისინი დაექვემდებარენ გამოკვლევას. ამ 2 200 მასწავლებლიდან გამოკვლევაზე მივიდა მხოლოდ 1 011 (47%) მასწავლებელი და აქედან 7 დადასტურება გვაქვს. ამიტომ ისევ და ისევ ვთხოვ მასწავლებლებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ვინც ზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა ბათუმსა და აჭარაში, მიბრძანდეს გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ისინი უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩატარდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფრომაციის მიხედვით, განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2937
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1422
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 6633
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41