ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებაზე დაყრდნობით, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებსა და ზოგად ტენდენციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, იანვარში მსოფლიოში დაფიქსირდა ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდის 20 მილიონი შემთხვევა, 114 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, ალბათ საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ დომინანტი გახდება. მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს, რადგან მას დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას.
როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ამბობს, კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას, 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა. რა თქმა უნდა, ახლა მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რათა ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ. როგორც ვხედავთ, ლოკალური ექსპერტების ინფორმაციით, 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და 300 ჰოსპიტალიზებულია. ჩვენი საწოლფონდის გათვალისწინებით, ჰოსპიტალში მყოფი 300 პაციენტი ცოტა არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადება დასუსტებულია, გლობალური საფრთხე ჯერ მოხსნილი არ არის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ არ ჩქარობს, რომ პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს. აზიურ ქვეყნებში მილიონობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომლებიც ინტერესისა და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას. ევროკავშირის 28 ქვეყანას თუ შევხედავთ, ახალი ბივალენტური ვაქცინით, ზოგ ქვეყანაში, თითქმის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 20-80 პროცენტია აცრილი“, – თქვა მან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ამბობს, რომ „კრაკენი“ ცირკულირებს ახლა. მან თქვა, რომ პირბადის გამოყენება ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვანია და ეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი თავის დაცვის საშუალებაა.