2 აგვისტომდე აქტიურობდა საარჩევნო მიზნებით მოქმედი სულ მცირე 184 FB-გვერდი - ISFED

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მიმოიხილავს სოციალურ მედიაში ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე (2 აგვისტო) მიმდინარე ზოგად
ტენდენციებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოწვევას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდებზე ინფორმაციის გავრცელება იმ მერების საქმიანობის შესახებ, რომლებიც კანდიდატებად არიან მოაზრებულნი ან წარდგენილნი. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკა ირიბ აგიტაციას წარმოადგენს და შეიცავს ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის ნიშნებს, რაც არათანაბარ პირობებში
აყენებს არჩევნებში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტებს.

ანგარიშის მიხედვით, 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ფეისბუქის გვერდზე შეინიშნება ინტერაქციის ხელოვნურად გაზრდის პრაქტიკა – ფეისბუქის პოსტებზე არაავთენტური ან/და ორგანიზებული ანგარიშების მიერ დადებითი კომენტარების მასობრივად განთავსება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება ფეისბუქის მიერ დადგენილ წესებს და შეცდომაში შემყვანია სოციალური პლატფორმის მოხმარებლებისთვის.

„პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ოფიციალური გვერდების გარდა, ფეისბუქზე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ანონიმური/არაოფიციალური აქტორიც. ამ გვერდების ძირითად მიზანს პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაცია წარმოადგენს. სოციალური ქსელების მომხმარებლებსა და ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად, ეს გვერდები სხვადასხვა გზებს მიმართავენ და მუდმივად ხვეწენ მოქმედების სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რათა შესაბამისი სოციალური მედიის პლატფორმის გამოყენების წესებს გვერდი აუარონ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებამდე, „სამართლიანი არჩევნების“
დაკვირვებით, ფეისბუქზე აქტიური იყო სულ მცირე 184 ისეთი გვერდი, რომელიც საარჩევნო მიზნებით მოქმედებს, მაგრამ ოფიციალურად არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან ღიად არ არის დაკავშირებული. მათგან 28 გვერდი 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში შეიქმნა.

„სავარაუდოა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამგვარი გვერდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას არჩევნების თანასწორ, მავნე საინფორმაციო ოპერაციებისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას. ამგვარი გვერდები, ძირითადად, ან მმართველ პარტიას უჭერენ მხარს და ოპოზიციას ესხმიან თავს ან პირიქით, ხელისუფლებას უპირისპირდებიან და ოპოზიციას, ძირითადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, უჭერენ მხარს“, – აცხადებს ISFED.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საარჩევნო კამპანიაში ჩართული ანონიმური
გვერდების უმრავლესობა კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიებზე მორგებულ გზავნილებს ავრცელებს და, როგორც წესი, მადისკრედიტირებელ, სატირულ, ჰომოფობიურ და ზიზღის შემცველ პოსტებს აქვეყნებს. ხშირია მგრძნობიარე თემებით (რელიგიური, ნაციონალისტური და ა.შ.) მანიპულირების შემთხვევებიც. ანგარიშის მიხედვით, ფეისბუქზე საარჩევნო მიზნებით მოქმედი არაოფიციალური გვერდები ოთხ განსხვავებულ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ესენია:

  • ღიად დისკრედიტაციული გვერდები – საარჩევნო კამპანიაში ჩართული გვერდები,
    რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან ოფიციალურად დაკავშირებული არ არიან;
  •  მხარდამჭერი გვერდები – საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი გვერდები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან ოფიციალურად დაკავშირებული არ არიან;
  • ცრუ მედიის გვერდები – ყალბი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც სიახლეებს
    შერჩევითად აშუქებენ და ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებენ;
  •  ცრუ მხარდაჭერის გვერდები – გვერდები, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური
    გაერთიანების ან სამოქალაქო ჯგუფის სახელს იყენებენ, თუმცა შეფარვით სწორედ მათ საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ, ძირითადად რეკლამების სახით.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ სამიზნე აუდიტორიის გაფართოების მიზნით, გვერდების უმრავლესობა ხშირად მიმართავს პოსტების რეკლამირებას. პოსტები აქტიურად ვრცელდება საჯარო და დახურულ ჯგუფებშიც. სასურველი აზრის დომინანტურად წარმოსაჩენად, არაავთენტური ანგარიშების კომენტარების მეშვეობით, ხდება პოსტებზე ხელოვნური ინტერაქციის შექმნაც. სასურველი ნარატივის გასავრცელებლად ან შემუშავებული პოლიტიკის/ინიციატივის მართებულობის
ხაზგასასმელად, ამ დრომდე, აქტიურად შეინიშნება ექსპერტ-ანალიტიკოსებად ცნობილი პირების ჩართულობაც.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ანონიმური გვერდების მეშვეობით, ხშირად თავსდება არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამები, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარებას.