2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის „ოცნებამ“ რუსთავსა და ბათუმში კანდიდატები წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

მან ისაუბრა იმაზე, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება 2 აპრილს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს გამართულ  პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ  ორი არჩევნებისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

„ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს, ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. ირაკლი შატაკიშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი, “- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობისთვის რინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება.