მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
ოთხშაბათს, ვაშინგტონბში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. იქამდე, გამოძიების ფედერალური ბიურო, ეროვნული გვარდიის 25 000 წარმომადგენლის უსაფრთხოების შემოწმებას ატარებს – მიზანი პოტენციური შიდა თავდასხმის თავიდან აცილებაა.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, ინაუგურაცია უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაივლის.
სრიულად დაცულია კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია. დახურულია ეროვნული მოლი და მიმდებარე გზები, მეტროსადგურების დიდი ნაწილი. იგეგმება, ვირჯინიის შტატიდან, ვასინგტონში გადასასვლელი ხიდების ჩაკეტვა. ქალაქში მოსალოდენილი ძალადობის პრევენციისთვის, ტერიტორიაზე ათასობით ჯარისკაცი და სამართალდამცავია განლაგებული.
შექმნილი ვითარების მიუხედავად, არჩეული პრეზიდენტი ფიცის დადების ტრადიციის დარღვევას არ განიხილავს – ის ფიცს კაპიტოლიუმის წინ, საჯაროდ დადებს.
„ჩვენი გეგმა და მოლოდინი ასეთია – არჩეული პრეზიდენტი ბაიდენი, 20 იანვარს, კაპიტოლიუმის დასავლეთ მხარეს, ოჯახთან ერთად ხელს დაადებს ბიბლიას“ – აცხადებს ბაიდენის კომუნიკაციების დირექტორი, ქეით ბედინგფილდი.
ის აცხადებს, რომ ბაიდენის გუნდს, „სრული რწმენა აქვს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურისა და მისი პარტნიორების მიმართ, ვინც უსაფრთხო ინაუგურაციის დაგეგმვაზე უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობენ”.
ტრამპმა უარი თქვა დამარცხების აღიარებაზე, მან არ მიულოცა არჩეულ პრეზიდენტს. ის უბრალოდ აღიარებს, რომ ოთხშაბათს „ახალი ადმინისტრაცია“ იქნება.
ტრამპი უგულვებელოფს 160-წლიან ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის ნიშნად, პრეზიდენტი, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ინაუგურაციას არ დაესწრება. თუმცა, ჯო ბაიდენის ფიცის დადებას დაესწრება მაიკ პენსი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი.
ინაუგურაციის დღეს, ოთხშაბათს დილით, პრეზიდენტი ტრამპი წითელი ხალიჩის გავლით, პრეზიდენტის თვითმფრინავის, Air Force One-ის ბორტზე ავა და ფლორიდაში გაფრინდება.
პრეზიდენტის ამ გეგმას კრიტიკა მჰოყვა, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის ხუთი კონგრესმენის მხრიდან, რომლებმაც ოფიციალური წერილით, პენტაგონს მოსთხოვეს არ გამოჰყონ რესურსები „მიმავალი პრეზიდენტის შემაშფოთებელი“ გეგმის განსახორციელებლად.
„შემოთავაზებული ქმედება არის უგუნური, არატრადიციული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხის წინაშე აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას – კაპიტოლიუმის დაცვიდან უსაფრთხოების აუცილებელი პერსონალისა და რესურსების გამოყოფით, რათა უზრუნველყონ მიმავალი პრეზიდენტის უსაფრთხოება და ტრანსპორტირება“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს კონგრესმენები აწერენ.
გასულ კვირას, წარმომადგენელტა პალატამ პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამჯერად, „ამბოხის წაქეზების“ ბრალდებით. იმპიჩმენტის საქმის არსებითი განხილვა სენატში, ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება. თუ სენატი ბრალს დაადასტურებს, ტრამპი პირველი პრეზიდენტი იქნება, ორი იმპიჩმენტით, ასევე მას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნებისმიერი საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
ოვალური კაბინეტის დატოვებამდე, პრეზიდენტი ტრამპი შეწყალების აქტის განხორციელებას აპირებს, შესაძლოა მისი მხარდამჭერების მიმართ, რომლებიც უკვე გასამართლებულნი არიან, ან რომელთა სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს.
თეთრი სახლის მრჩევლების თქმით, ტრამპს ჰქონდა დისკუსია საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების შეწყალების შესახებაც, რომელთაგან არცერთს, რაიმე დანაშაულისთვის, ბრალი ოფიციალურად წაყენებული არ აქვს, მაგრამ, როგორც ჯერჯერობით ჩანს, პრეზიდენტი ტრამპი ამ ეტაპზე თვითშეწყალებას არ მიმართავს.
არჩეული პრეზიდენტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საინაუგურაციო მიმართვისას, ჯო ბაიდენი ქვეყნისთვის „პოზიტიურ და ოპტიმისტურ“ ხედვას წარმოდგენს. შეეცდება „გადაშალოს, ბოლო ოთხი წლის, დაყოფისა და სიძულვილის ფურცელი”.
„ვფიქრობ ეს ისაა, რაც ამერიკელებს სურთ. მათ სურთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ ფოკუსირდება სწორ ქმედებებზე და დაეხმარება მათ“, – აცხადებს ბედინგფილდი.
ხელისუფლების ოფციალურად გადაბარების შემდეგ, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართულებით, მთელი რიგი გადაწყვეტილებების შეცვლას გეგმავს.