თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 ივნისს პარლამენტის წინ, ბანერების გამო დაკავებული უფლებადამცველების, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძისა და საბა ბრაჭველის სასამართლო პროცესები გადაიდო. საქმე ეხება ბანერებზე წარწერა „ირაყლის” გამო დაკავებულთა პროცესებს.
ნიკა რომანაძის პროცესი 27 ივნისს ჩაინიშნა, ედუარდ მარიკაშვილის პროცესი 28 ივნისს, საბა ბრაჭველის კი 16 ივნისს.
„ჩვენ მზად ვართ, მოტანილი გვქონდა მტკიცებულებები, მოწმეთა დაკითხვა გვინდოდა მათ შორის პოლიციელების, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს 16 ივნისს მოგვიწევს. მე რასაც მედავებიან არის ის, რომ ვიგინებოდი და ასევე არ დავემორჩილე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. გინება არ ჩანს არცერთ ვიდეოში, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, რაც შეეხება პოლიციის დაუმორჩილებლობას, პოლიციელის მოთხოვნა არ ყოფილა კანონიერი. მე აბსოლუტური უფლება მქონდა ხელში მჭეროდა ბანერი“, – ამბობს საბა ბრაჭველი.
2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ბანერის გაშლის გამო დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე (მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს), ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მიმართ 48-საათიანი დაკავების ვადა გამოიყენა.