ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით – 2 მილიარდი ლარი, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, კრიზისულ ბიუჯეტში – 351 მილიონი ლარი – ასეთია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმ ზიანის შესამცირებლად, რომელიც კორონავირუსმა ქვეყნის ეკონომიკას მოუტანა.
როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობას ესმის, რომ მოქალაქეებმა მიიღეს პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებების გამო, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის გატარდა.
„ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და დაკარგეს სამუშაო ადგილები.
ეს კრიზისი სხვა კრიზისებისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია დროის პროგნოზი, რამდენ ხანს გაგრძელდება, ასევე ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, ამიტომ ჩვენ იძულებულბი ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გახლავთ ყველა სხვა აქტორისგან განსხვავებით, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები ეკონომიკის, რომელიც დღეს გვაქვს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეის მდგომარეობით, გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების მიმდინარე წარმოებების, მიმდინარებიზნესების შესანარჩუნებლად”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ საქართველოს ჰქონდეს საფუძველი, რომ ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს და დაუბრუნდეს წლის დასაწყისში არსებულ ნიშნულს.
პრემიერის თქმით, ამისთვის საჭიროა, ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობების დაცვით, შენარჩუნდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მხარი უნდა დაუჭირონ სისტემურ წარმოებებს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ გამოყოფილი 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის მიმართულებით კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისულ ბიუჯეტს. მისი თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 351 მილიონი ლარი.