2 მლნ ვაქცინის ფონზე გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა - პრემიერი

პუბლიკა

როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა“, –  განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე .

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ბეჭდურ ვერსიას მთავრობის ადმინისტრაციის პრესოფისი ავრცელებს.

„ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.

პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.