2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან კოორდინაციით, ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული – თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.

„მან ასევე ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს, განსაკუთრებით დაშინების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ ფართოდ გავრცელებულ და თანმიმდევრულ განცხადებებს და არათანასწორ საასპარეზო პირობებს. გარდა ამისა, რესურსებს შორის მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის დაფინანსების არასაკმარისი მონიტორინგი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს. საარჩევნო კამპანიაში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ საჭიროა უფრო მეტი ვალდებულების აღება პოლიტიკაში ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე – ამ საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.

„არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა ნორმად არ უნდა იქცეს. ასევე, ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით.“ – ნათქვამია განცხადებაში.