2 პირი, რომლებიც რუსთაველის მეტროში მოქალაქეებს თავს დაესხნენ, გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლე ლევან გელოვანმა მათ 2 000-2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
16 დეკემბერს შსს-მა ორი პირი დააკავა – ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და პროვოკაციას აწყობდნენ, ისინი მეტროში ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამას მოჰყვა ვიდეო, როგორ აგინებენ და ემუქრებიან ისინი მეტროში მყოფ ახალგაზრდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთველის გამზირზე დაპირისპირების დროს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამასთან, როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.